Tuesday, June 8, 2010

გლობალიზაცია (3. მსოფლიო საზოგადოება)



გლობალიზაციაში არ იგულისხმება მსოფლიო სახელმწიფოს არსებობა; უფრო ზუსტად: ესაა მსოფლიო საზოგადოება მსოფლიო სახელმწიფოსა და მსოფლიო მთავრობის გარეშე. ლაპარაკია გლობალურად დეზორგანიზებული კაპიტალიზმის გაფართოებაზე, ვინაიდან არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არ არსებობს ჰეგემონი ხელისუფლება და ინტერნაციონალური რეჟიმი. ერთი სიტყვით, გლობალური ნიშნავს ერთიან სივრცეს, მას უფრო გეოგრაფიული დატვირთვა ენიჭება. გლობალიზმი არის ამ სივრცეში მსოფლიო ბაზრის გაბატონების გამომხატველი ცნება. რაც შეეხება გლობალიზაციას, ეს არის პროცესი, ანუ ის, რაც გლობალიზმით გაჯერებულ გლობალურ მსოფლიოში ხდება და მიმდინარეობს, ანუ გლობალიზაცია არის ცოცხალი, დინამიური და მიმდინარე პროცესი, რომელმაც მსოფლიო ახალ წესრიგამდე უნდა მიიყვანოს. შესაძლოა, დღესდღეისობით, გლობალიზაცია თავად წარმოადგენს მსოფლიო წესრიგს, რადგან უახლოეს მომავალში სწორედ მისგან მომდინარე გამოწვევებზე მოუწევს საზოგადოებებს პასუხის გაცემა. გლობალიზაციის შესახებ შექმნილი თეორიები ისეთივე სწრაფი ტემპით ვითარდება, როგორც თავად პროცესი.


გლობალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ზოგადად, არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველი შეხედულების თანახმად, გლობალიზაცია წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, ხოლო მეორე შეხედულებით, გლობალიზაცია არის ნეგატიური პროცესი, რომელიც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოს, ერებს, მათ კულტურულ თავისებურებებს, არამედ განიხილება როგორც მთლიანად მსოფლიო მეურნეობის განვითარებისათვის საშიში ტენდენცია.



სამეცნიერო წრეებში აღნიშნული პროცესისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, თვით ტერმინ - გლობალიზაციის განმარტებისას ვლინდება.

1 comment: