Tuesday, June 8, 2010

გლობალიზაცია (1.ტერმინი და მნიშვნელობა)


ამ ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება გლობალიზაციის თემა, სწორედ ამიტომ მე შევეცდები წარმოგიდგინოთ მასალები, რომლებშიც ავხსნი ტერმინის მნიშვნელობას, ვისაუბრებ ამ მოვლენის დადებით და უარყოფით შედეგებზე.

დავიწყოთ გლობალიზაციის განმარტებით:
გლობალიზაცია თანამედროვე ტერმინია და ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად.


ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe-ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global-მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს სტატიაში გამოიყენა.
გთავაზობთ ამერიკის რუკას(აშშ):

View Larger Map
პროფესორი ზურაბ დავითაშვილი ადასტურებს, რომ XX საუკუნის 80-იან წლებამდე ტერმინი „გლობალიზაცია“ საერთოდ არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ ტერმინი - ,,გლობალიზაცია“ ტექნიკური მეცნიერებიდან არის ,,ნასესხები“. ინფორმატიკის ენაზე გლობალიზაცია ისეთი პროგრამული ბირთვის შემუშავების პროცესს ნიშნავს, რომელიც არ არის დამოკიდებული მომხმარებელი ქვეყნის ენასა და სტანდარტებზე.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში მოკლედ არის ჩამოყალიბებული გლობალიზაცია და ხალხის აზრი გლობალიზაციაზე:

ჩვენი აზრით, თანამედროვე, მრავალმხრივი აღქმით გლობალიზაციას - საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ადამიანთა, მათი კვალიფიკაციისა და სულიერი ფასეულობების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება და ახალ, ინტერნაციონალურ, გლობალურ-რეგიონულ, ტერიტორიულ თუ ვიზუალურ სივრცეებში კოორდინაცია შეგვიძლია ვუწოდოთ.

გლობალიზაცია (2.მცდარი შეხედულებები და ანტიგლობალისტები)

უხეშად კონცენტრირებული სახით პოპულარული წარმოდგენები გლობალიზაციის შესახებ შესაძლებელია დავიყვანოთ შემდეგ 5 თეზისამდე:
გლობალიზაცია არის:
ა) ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლა;
ბ) გლობალური, საერთო-საკაცობრიო პრობლემების აღმოცენება;
გ) რამდენიმე ქვეყნის მიერ მსოფლიოზე ძალაუფლების ხელში ჩაგდება;
დ) ნებისმიერი საზოგადოებრივი პროცესების გავრცელება მთელს მსოფლიოში;
ე) ქვეყნების მიერ საკუთარი კულტურული თვითმყოფადობის დაკარგვა.
ასეთი აზრების ნაწილს იზიარებენ ანტიგლობალისტები, ხალხი რომლისთვისაც გლობალიზაცია ეს არის ერებს შორის დაპირისპირება და ეროვნულობის მოსპობის მცდელობა.

ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არ სწამთ გლობალიზაციის დადებითი ეფექტის შესახებ და ექმნებათ მცდარი წარმოდგენები ამ მოვლენაზე, რაც ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია, ტერმინი გლობალიზაცია ყველამ იცის თუმცა კონკრეტულად რას წარმოადგენს ეს მოვლენა ცოტას თუ აქვს წარმოდგენა ამაზე. ზოგჯერ კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მასონების წამოწყებულია მსოფლიოს დასაპყრობადო, ღუმცა საღი თვალით თუ შევხედავთ ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიების და ადამიანის, როგორც სოციალური მოაზროვნე არსების დახვეწის შედეგი და არა რაღაც შეთქმულება, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ვიდეოშია წარმოდგენილი

ანტი გლობალისტები დიდი ხანია იბრძვიან და წინააღმდეგნი არიან გლობალიზაციისა, მიუხედავად ამისა ის მაინც გრძელდება და სულ უფრო მეტი სახელმწიფო ერთვება ამ პროცესებში, ვინაიდან გლობალიზაცია ეს არის მსოფლიო ქვეყნებს შორის ეკონოკიკური, პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული თანამშრომლობა. კოკა-კოლა, მაგდონალდსი, ფანტა და მრავალი სხვა ასე ცნობილი კომპანიები გლობალიზაციის მაგალითებია, რომელთაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეხვდებით. მსოფლიო ქვეყნებს შორის განსხვავება სულ უფრო მცირდება, მაგალითად რა განსხვავებაა ფერარიში მჯდარ ამერიკელსა და იგივე მარკისა და მოდელის ავტომობილში მჯდარ იტალიელს შორის, როცა ორივე მათგანი ინგლისურად საუბრობს?

ანტიგლობალისტები კი ფიქრობენ, რომ გლობალიზაცია ეროვნულ მოსპობას ისახავს მიზნად, რის გამოც ეწყობა დემონსტრაციები, საპროტესტო აქციები და ხშირად გადაიზრდება ხოლმე პოლიციასთან დაპირისპირებაში, ისინი სხვადასხვა ლოზუნგებით ცდილობენ დიდი რვიანის სამიტისა და მსგავსი მაშტაბის შეხვედრების ჩაშლას


დღევანდელ მსოფლიოში ადგილი აქვს უპრეცედენტო ინტეგრაციას, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვება თავისი გვერდითი შედეგები და წინააღმდეგობები. ანტი-გლობალიზმის იდეა თითქმის ყველა ქვეყანაში აქტუალურია. ვესტფალიის ზავის მიერ დამკვიდრებული ერი-სახელმწიფოების სისტემის ვალიდურობის პრობლემა დღითი დღე უფრო ცხადი ხდება. საკითხი ძალაუნებურად მოითხოვს ინტერ-დისციპლინარულ მიდგომას, თუმცა, შესაძლოა, ბევრი მკვლევარი შეგნებულად არიდებდეს თავს ზედმეტ გართულებებს.








ნებისმიერი მსჯელობა უნდა პასუხობდეს არსებულ რეალობასა და კონტექსტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თეორიები ბანქოსგან აშენებულ სახლს დაემსგავსება. ხშირად თანამედროვე გლობალიზაცია ესმით გასული საუკუნის დასაწყისის კონტექსტში, რაც შემდგომ იწვევს კრიტიკოსების ცინიკურ შენიშვნებსა და მკვეთრად რადიკალიზირებულ წარმოდგენებს. იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ ამგვარ უხერხულობას, საჭიროა, უფრო საფუძვლიანი გამოკვლევა. უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური, სოციალური და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფილოსოფიური ასპექტების მოკლე, მაგრამ არსებითი განხილვაც კი ხელს შეუწყობს გლობალიზაციის მოვლენის საზოგადოებისთვის სწორი ფორმით მიწოდებას.

დიდი ერების კულტურა პოლიტიკური პოლიცენტრიზმისა და მულტიკულტურალიზმის პრინციპების დანერგვის კვალდაკვალ კარგავს გავლენასა და უნარს, გაანადგუროს მცირე ერების კულტურა.

გლობალიზაცია (3. მსოფლიო საზოგადოება)



გლობალიზაციაში არ იგულისხმება მსოფლიო სახელმწიფოს არსებობა; უფრო ზუსტად: ესაა მსოფლიო საზოგადოება მსოფლიო სახელმწიფოსა და მსოფლიო მთავრობის გარეშე. ლაპარაკია გლობალურად დეზორგანიზებული კაპიტალიზმის გაფართოებაზე, ვინაიდან არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არ არსებობს ჰეგემონი ხელისუფლება და ინტერნაციონალური რეჟიმი. ერთი სიტყვით, გლობალური ნიშნავს ერთიან სივრცეს, მას უფრო გეოგრაფიული დატვირთვა ენიჭება. გლობალიზმი არის ამ სივრცეში მსოფლიო ბაზრის გაბატონების გამომხატველი ცნება. რაც შეეხება გლობალიზაციას, ეს არის პროცესი, ანუ ის, რაც გლობალიზმით გაჯერებულ გლობალურ მსოფლიოში ხდება და მიმდინარეობს, ანუ გლობალიზაცია არის ცოცხალი, დინამიური და მიმდინარე პროცესი, რომელმაც მსოფლიო ახალ წესრიგამდე უნდა მიიყვანოს. შესაძლოა, დღესდღეისობით, გლობალიზაცია თავად წარმოადგენს მსოფლიო წესრიგს, რადგან უახლოეს მომავალში სწორედ მისგან მომდინარე გამოწვევებზე მოუწევს საზოგადოებებს პასუხის გაცემა. გლობალიზაციის შესახებ შექმნილი თეორიები ისეთივე სწრაფი ტემპით ვითარდება, როგორც თავად პროცესი.


გლობალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ზოგადად, არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველი შეხედულების თანახმად, გლობალიზაცია წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, ხოლო მეორე შეხედულებით, გლობალიზაცია არის ნეგატიური პროცესი, რომელიც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოს, ერებს, მათ კულტურულ თავისებურებებს, არამედ განიხილება როგორც მთლიანად მსოფლიო მეურნეობის განვითარებისათვის საშიში ტენდენცია.



სამეცნიერო წრეებში აღნიშნული პროცესისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, თვით ტერმინ - გლობალიზაციის განმარტებისას ვლინდება.

გლობალიზაცია (4.დადებითი ასპექტები და საფრთხეები)


გლობალიზაცია ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდის შედეგია. იმ საზაგადოებრივ წყობაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ აქტუალურია გლობალიზაციის საკითხი. საზოგადოების ნაწილი ემხრობა მას, ხოლო განსაზღვრულ ნაწილს აქვს განსხვავებული პოზიცია. ამის მიხედვით მოხდა საზოგადოების ფორმალური დაყოფა ე.წ. გლობალისტებად და ანტიგლობალისტებად. გლობალისტები საუბრობენ იმ ეკონომიკურ და ტექნიკურ მიღწევებზე, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს, ანტიგლობალისტები კი ძირითადად აქცენტს აკეთებენ იმაზე რომ გლობალიზაციისას შთაინთქმება ისეთი პატარა ქვეყნების მაგალითად, როგორიც საქართველოა კულტურა და თვითმყოფადობა.
გლობალიზაცია გულისხმობს ვაჭრობის, ფინანსური ნაკადებისა და ტექნიკის ინტეგრაციას. იგი გარდაუვალი და შეუქცევადი შედეგია იმ ბუნებრივი პროცესებისა, რომელსაც ადგილი აქვს ეკონომიკაში. დღესდღეობით ჩვენ ვისწრაფით იმისკენ რომ შევქმნათ ძლიერი, დემოკრატიული, მტკიცე ეკონომიკაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს ის გამოწვევებია, რომელსაც რეალობა გვთავაზობს. დღევანდელი ეკონომიკა კი განუყოფელია გლობალიზაციისგან, იგი მსოფლიოს მომავალი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა. გლობალიზაცია განაპირობებს საზღვრების გახსნილობას, როგორც საქონლის, ასევე შრომის რესურსების გადაადგილებას, საზღვრების გახსნა პრინციპულად ერთადერთი საშუალებაა ისეთი განვითარებადი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა მიაღწიოს საერთაშორისო ბაზრებს და მოახდნინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია. ეკონომიკის არსიც ესაა შექმნა პროდუდიქტი და მოახდინო მისი მიწოდება მომხმარებლამდე.
გლობალიზაცია საშუალებას აძლევს მოსახლეობას ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობით, დაკმაყოფილდება რა მომხმარებელთა მოთხოვნები ყველაზე ეფექტიანი გზითა და მსოფლიო რესურსების რაციონალური გამოყენებით. ყოველივე ეს იწვევს მსოფლიოში სიმდიდრის ზრდასა და საცხოვრებელი სტანდარტების ამაღლებას. გლობალიზაცია ხელს უშლის ადგილობრივი მონოპოლიების წარმოქმნასა და ზრდას. გარდა ამისა, გლობალური ინტეგრაცია ზრდის კონკურენციას ფირმებს შორის და უბიძგებს მათ ახალ გლობალურ ეკონომიკაში გადარჩენისათვის მიმართონ ინოვაციებს, გამოიყენონ და დანერგონ უახლესი ტექნოლოგიები, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლისათვის არის სასარგებლო. მიჩნეულია, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიის შენარჩუნებას.
ეს მოსაზრება ეფუძნება იმ შეხედულებას, რომ ვაჭრობის ორმხრივი სარგებლიანობა სტიმულს აძლევს ქვეყნებს შეინარჩუნონ სტაბილური და მშვიდობიანი ურთიერთობანი, ვიდრე გაუთვალისწინებელი უწესრიგობისა და არასტაბილურობის შედეგად ნახონ წაგება ან სარგებლის მნიშვნელოვანი შემცირება.

გლობალიზაციამ გარდა ეკონომიკის განვითარებისა მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა ჩვენს ცხოვრებაში კომუნიკაციის სრულად ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. ინფორმაციის გავრცელების სიჩქარემ დღეს წარმოუდგენელ დონეს მიაღწია, შეიქმნა ინტერნეტი, რომელმაც გლობალიზაცია ახალ ეტაპზე გაიყვანა.
ნებისმიერი სერიოზული ბიზნესის წამოწყება დაკავშირებულია პირველ რიგში ინფორმაციის მოგროვებაზე. ნათელია იმ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების სუსტი პოზიციები, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ამ საკითხს. ამერიკის დაზვერვის 2002 წლის მონაცემებით მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 600 მილიონს აღემატებოდა. ეს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტია.
ინტერნეტის განვითარებამ არამარტო ბიზნესის გამარტივება გამოიწვია. მსოფლიოში ადამიანებს მიეცათ საშუალება გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, ისტორიას, ყოფას და ცხოვრებას, როგორც იტყვიან, სახლიდან გაუსვლელად.
როდესაც ახალ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, ასევე უნდა გავიხსენოთ ტრანსპორტირებისა და გადაადგილების თანამედროვე საშუალებები, რომელმაც ადამიანს საშუალება მისცა გაცილებით სწრაფად გადაადგილდეს თანაც გაცილებით დაბალი რისკებით.
ნებისმიერ პროცესს გაჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები.


გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ გლობალიზაციის პროცესი საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნების დამოუკიდებლობას, რამდენადაც ამ უკანასკნელებმა განხორციელებული პოლიტიკა უნდა შეუსაბამონ მსოფლიო ინტეგრაციის მოთხოვნებს. გლობალიზაციის მეორე უარყოფითი ასპექტი ეხება უმუშევრობასა. ახალი ეკონომიკური წყობა საშუალებას აძლევს ფირმებს გაიტანონ თავიანთი წარმოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამით მოახდინონ უცხო მუშახელის დაქირავება, რომელიც უფრო მაღალკვალიფიციურია, ვიდრე ადგილობრივი. საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს ადგილობრივ და ნაკლებკვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნის შემცირებასა და გართულებებს სამუშაო ბაზარზე. გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი ეჭქვეშ აყენებენ იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკურ ზრდას ზღვარი არ გააჩნია. ისინი აცხადებენ, რომ ეკოსისტემების მდგომარეობა საშუალებას არ მისცემს მსოფლიო ეკონომიკას განუხრელად ზრდისფაზაში იმყოფებოდეს. ზოგიერთი მათგანი იმასაც აცხადებს, რომ გლობალური ინტეგრაცია, თავისუფალი ვაჭრობა და მსოფლიო მასშტაბის კონკურენცია უსამართლობას ეფუძნება. მხოლოდ ეკონომიკურად წინწასულ ქვეყნებს შეუძლიათ ამგავარი ინტეგრაციით სარგებლის ნახვა. მეორე მხრივ, გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ გლობალიზაცია აღრმავებს უთანასწორობასა და სიღარიბეს მსოფლიოში, გარდია ამისა არსებობს დიდი წინაღობა რომელსაც ანტიგლობალისტების არასწორი შეხვლედულება ქმნის ისინი თვლიან, რომ გლობალიზაციისას შთანთქმული იქნება პატარა ქვეყნების თვითმყოფადობა. ეს არასწორი მოსაზრებაა და ამას იაპონიის მაგალითიც ადასტურებს, რომელიც მსოფლიოში ერთერთი პირველია ეკონომიკურად და იაპონური ტექნოლოგიები კი ყველაზე უფრო პოპულარული.

პოსტის ბოლოს გთავაზობთ დისკუსიას გლობალიზაციაზე:

გლობალიზაცია (5. საქართველო)


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 25 იანვარს ინაუგურაციის დღეს წარმოთქმულ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ “საქართველო უნდა იქცეს ქვეყნად, სადაც ყველაზე დიდი სიმდიდრე იქნება ცოდნა და განათლება, სადაც უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ ჩვენი შვილების განათლება, სადაც ხალხი იქნება კონკურენტუნარიანი გლობალოიზაციის პირობებში, რომელიც შეიცავს საფრთხეებს. მაგრამ ამავე დროს პატარა ერებს, რომელთაც აქვთ საშუალება, განათლება, კულტურა და ბრძოლის უნარი, აძლევს უნიკალურ შანსს, დამკვიდრდნენ საერთაშორისო თანამეგობრობაში”.
ჩვენი ქვეყანა მდებარეობს აზიისა და ევროპის გასაყარზე რის გამოც ის მუდამ ბრძოლებში იყო ჩართული, დღეს ის წარმოადგენს განვითარებად დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც მიილტვის ტერიტორიული მთლიანობის ღდგენისაკენ და ეკონომიკურად გაძლიერებისაკენ, ამისათვის მას სჭირდება ევროსივრცეში ინტეგრაცია და გლობალიზაციის გამოწვევებისათვის მდგრადობის შენარჩუნება, მითუმეტეს რომ გლობალიზაცია საქართველოსთვის დადებითი შედეგების მომტანია ვინაიდან საქართველოს სულ უფრო მეტი ბაზრის ათვისება შეუძლია სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის აშშ-შიც. გლობალიზაციის გამო ნებისმიერი ტექნიკური მიღწევა უმოკლეს დროში შემოდის ჩვენს ქვეყანაში და უმალვე ინერგება. გარდა ამისა დიდი სახელმწიფოების გავლენა სუსტდება ვინაიდან მოქმედებს ერთიანი კანონები და ისინი ვერ ახერხებენ პატარა სახელმქიფოების დაჩაგვრას.
საქართველოს რუკა:

View Larger Map

ამავე დროს მცირდება ქვეყნებს შორის კონფლიქტის საფრთხე და ისინი სულ უფრო დამოკიდებულნი ხდებიან ერთმანეთზე, მაგალითად როცა აშშ-ში დამზადებული ვაშლის ღვეზელისათვის საჭირო ინგრედიენტები, ფქვილი შემოდის კანადიდან, ვაშლი ისრაელიდან და დანადგარები იაპონიიდან(აღნიშნული მაგალითი პირობითია ვინაიდან მსგავს მოვლენებთან გვაქვს საქმე, ხშირად ერთი რომელიმე პროდუქტი იქმნება რამოდენიმე ქვეყნის მიერ რესურსების და მომსახურების გაცვლით). საბოლოოდ კი ის ამერიკელის ხელში ხვდება რომელიც სულაც არ ფიქრობს იმაზე თუ რა დიდი გზა გაიარა თითოეულმა რესურსმა სანამ გემრიელ ღვეზელად გადაიქცეოდა.

საბოლოოდ ჩემი აზრით გლობალიზაცია ეს არის შეუქცევადი პროცესი და გაგრძელდება მანამ სანამ ადამიანის პროგრესი გაგრძელდება, სწორედ ამიტომ რაც უფრო მალე ჩაერთვება ჩვენი ქვეყანა ამ პროცესებში და მალე შეეგუება ამ ყველაფერს მით უფრო მალე გაძlიერდება იგი ეკონომიკურად, ფინანსურად და პოლიტიკურად. ძლიერი ეკონომიკა ძლიერი ქვეყნის საწინდარია.


გლობალიზაციის პროცესი შეიძლება შევადაროთ ჰორიზონტალურ ვექტორს, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და სივრცეს აერთგვაროვნებს - ყველგან ამკვიდრებს ერთსა და იმავე ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკას. ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც გლობალიზაციის ჰორიზონტალურ ტალღაში მოექცევიან, ამ პროცესს უნდა დახვდნენ ვერტიკალური ინტეგრაციით, ანუ საკუთარი კულტურის და საუკეთესო ტრადიციების წიაღში ჩაღრმავებით.

მხოლოდ ორგვარი - ჰორიზონტალური და ვერტიკალური - ინტეგრაციის ჯამი არის ის ფარი, ის სახურავი, რომელიც ჩვენს ქვეყანას იზოლაციონიზმისგანაც დაიცავს და თვითმყოფადობასაც შეუნარჩუნებს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვართ მზად ჰორიზონტალური ინტეგრაციისთვის, რადგან გვაკლია განათლება და კომპეტენტურობა; და, მით უმეტეს, არ ვართ მზად ვერტიკალური ინტეგრაციისთვის, რადგან ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებს, თუნდაც არაცნობიერად, უფრო მეტად წარსულს ვუკავშირებთ, ვიდრე მომავალს.
აუდიო მასალის გადმოწერა:"ქართული კულტურა და გლობალიზაცია"

უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ თუ რა მიზნები აქვს ქვეყანას და როგორ აპირებს გლობალიზაციის გაგებას:

აუდიო მასალის გადმოწერა:"საქართველოს საგარეო პოლიტიკა"